პროფესიული განათლების ღია კარის დღეებს თბილისსა და რეგიონებში 300-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო

06 სექტ 2021
news

ათასწლეულის ფონდმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია" გამართა, რომლის ფარგლებში ღია კარის დღეები ქვეყნის მასშტაბით ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ღია კარის დღეების შეხვედრები რეგულაციების სრული დაცვით და ძირითადად ონლაინ ფორმატში გაიმართა.

სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ პროფესიული განათლების ახალ პროგრამებს, რომლებიც სრულად პასუხობენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია, ფოთის კოლეჯი „ფაზისი" და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

ყველა კოლეჯი, სადაც ღია კარის დღეები მოეწყო ათასწლეულის ფონდის ბენეფიციარია. აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" რომლის ფარგლებში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 62 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შეიქმნა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. კოლეჯები აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებით და სასწავლო სიმულატორებით. აღნიშნულ პროგრამებს უკვე 2,000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. პროექტის სრული ბიუჯეტი 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ღია კარის დღეებს ჯამში 300-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო, მათ შორის სწავლის მსურველები, საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიები, აკადემიური პერსონალი და წარმატებული კურსდამთავრებულები. შეხვედრაზე აბიტურიენტებს კომპანიებმა გააცნეს დასაქმების შესაძლებლობები, აგრეთვე წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება სწავლის, სტაჟირებისა და დასაქმების შესახებ.

„კამპანიის მიზანი გახლდათ საზოგადოებას, სტუდენტებს, აბიტურიენტებს და მშობლებს მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმ მნიშვნელოვანი ახალი პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ, რომელიც დღეს საქართველოში უზრუნველყოფს გარანტირებულ დასაქმებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული ღია კარის დღეების შედეგად, სწავლის მსურველები მიიღებენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მათ მომავალ კარიერასთან დაკავშირებით", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ კონკურსის ფარგლებში, ტარდება ღია კარის დღეები, რათა მოსწავლე-ახალგაზრდები გაეცნონ ქვეყნის მასშტაბით თუ რა კოლეჯები, რა პროფესიული პროგრამები და დასაქმების შესაძლებლობები არსებობს", - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალურმა დირექტორმა.

პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტომდე გრძელდება. მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია კოლეჯებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ან ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე - www.vet.emis.ge.