STEM მენტორების კურსის ფარგლებში STEM კლუბები მოსწავლეებისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში იხსნება

21 მარტ 2022
news

ათასწლეულის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის, "STEM მენტორების კურსი" ფარგლებში, პროექტის მონაწილე პედაგოგებმა STEM კლუბები ჩამოაყალიბეს გორის, ქუთაისის, ცაგერის, ოზურგეთის, ქარელის, ახალციხის, ბათუმის, თელავის, გურჯაანის, დმანისის, თბილისის, ზესტაფონისა და ნინოწმინდის სკოლებში.

სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული STEM კლუბების მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება.

ათასწლეულის ფონდმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი, „STEM მენტორების კურსი" 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიზანს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენდა. პროექტში მონაწილეობისთვის 450 მსურველიდან 40 პედაგოგი შეირჩა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.

„STEM მენტორების კურსის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე უკვე გვაქვს მნიშნველოვანი შედეგები. პედაგოგები კურსზე მიღებულ ცოდნას საკუთარ მოსწავლეებს უზიარებენ და რაც მთავარია, პროექტის შედეგად გამომუშავებულ უნარებს იყენებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებში ინოვაციური იდეების განხორციელების და STEM-ით დაინტერესება გაზარდონ. სწორედ ეს იყო ამ პროექტის მთავარი მიზანიც, რომ დავხმარებოდით პედაგოგებს გაეუმჯობესებინათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციის უნარი. განსაკუთრებით გვახარებს, რომ ჩვენი კურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ რეგიონის სკოლებიდანაა, მათ შორის ეროვნული უმცირესობებიდან. ერთ-ერთი პირველი STEM კლუბი ნინოწმინდის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა. ათასწლეულის ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარება და STEM დარგების ხელშეწყობა საქართველოში. სწორედ STEM დარგებშია მომავლის პროფესიები და ამ დარგების განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საჭიროა, რომ სკოლის დონეზე მოხდეს STEM-ის პოპულარიზება ახლაგაზრდებში და აღნიშნული პროექტიც ამ მიზანს უწყობს ხელს.", - აცხადებს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

მენტორების ექვს-თვიან კურსის "საგანმანათლებლო და STEM პროექტების მოდელირება - კონსტრუირება" ხელმძღვანელები არიან პროფესორი დავით სონღულაშვილი და მისი ორი კოლეგა მარეხი მაზნიაშვილი და უტა კილასონია.

კურსის ხელმძღვანელები აცხადებენ რომ STEM თანდათან იკიდებს ფეხს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა STEM პროექტები და ტრეინინგები იმართება. აღნიშნულმა პროექტმა კი გაზარდა ამ მიმართულების საგნების მასწავლებლების მზაობა სიახლეების მისაღებად და დასანერგად.

პროფესორი დავით სონღულაშვილი ამბობს რომ პედაგოგების მხრიდან კურსის მიმართ დაინტერესება და ჩართულობა ძალიან დიდია. „450 მსურველიდან 40 კანდიდატი დიდ ძალისხმევით შევარჩიეთ და ამ პროცესმა, ვფიქრობ გაამართლა, რადგანაც კურსზე ჩართული ყველა მონაწილე ძალიან მოტივირებულია და ცდილობს მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ჩვენგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კურსის მონაწილეებს გადაეცათ STEM ლაბორატორიის კომპონენტები, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მასწავლებლებმა არა მარტო თეორიულად შეისწავლეს მუშაობის პრინციპი და პროგრამირება, არამედ დამოუკიდებლადაც შეძლეს სასწავლო პროექტების შექმნა, რომლებიც აქტიურად გადააქვთ სკოლის ბაზაზე შექმნილ STEM კლუბებში".

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის პედაგოგი, თამარ პაპოშვილი თვლის რომ STEM მენტორთა კურსზე, სწავლა-სწავლების პროცესში მიღებული ცოდნა მისთვის ახალი, უფრო ეფექტური გზების მოძიების საშუალება გახდა. თამარმა საკუთარ სკოლაში STEM კლუბი ჩამოაყალიბა, რათა მოსწავლეები ჩაერთო ტექნოლოგიური პროექტების პრაქტიკულად განხორციელების საქმეში. "მოსწავლეების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა ჩვენი სკოლის STEM კლუბის ჩამოყალიბებას. კლუბში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს მოსწავლეებმა მე-7 -დან მე-11 კლასის ჩათვლით. პირველივე შეხვედრაზე გასაოცარი ინტერესით იყვნენ ჩართულები აქტივობებში. მათი განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ვირტუალური მარტივი წრედების რეალურ გარემოში გადმოტანამ. ტექნოლოგიები მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ჯერ კიდევ პასიურ პოზიციაშია. ვგულისხმობ, რომ მხოლოდ მომხმარებლის როლში ვართ. შესაბამისად ვთვლი, რომ STEM კლუბები ყველა სკოლაში უნდა შეიქმნას, რათა მოსწავლეებს დავეხმაროთ ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებასა და მათ განხორციელებაში", - ამბობს თამარ პაპოშვილი.

ახალციხის №5 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია თათეშვილი ფიქრობს, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული STEM კლუბი საშუალებას მისცემს მის მოსწავლეებს განავითარონ შემოქმედებითი და სააზროვნო უნარები და ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს გუნდური მუშაობის ჩვევები. „ვფიქრობ კლუბური მუშაობა, რომელიც სრულიად განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან სკოლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ კლუბში მუშაობით შეუძლია მოსწავლეს თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. სწორედ პრაქტიკული სამუშაოები ეხმარება მათ მივიდნენ ახალ მიგნებებამდე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროების მიმართ მოსწავლეთა ინტერესი საკმაოდ დაბალია".

კურსის კიდევ ერთერთი მონაწილე ასმათ ლეჟავა, გორის მე-12 საჯარო სკოლის პედაგოგი აცხადებს, რომ STEM მენტორების კურსზე მიღებული ცოდნა ყოველდღიურობაში გადააქვს და კლუბის ბაზაზე მოსწავლეებს უზიარებს. „მაღალია მათი ინტერესი და ჩართულობა, განსაკუთრებით, როცა რეალურად გადააქვთ სიმულაციები. კლუბის არსებობა შესაძლებელს ხდის პოპულარიზაცია გავუწიოთ STEM საგნებს და მოსწავლეები ინოვატორებად ჩამოვაყალიბოთ".

STEM მენტორების კურსის ბოლოს, მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში, რომელიც პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.