2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 90 გუნდმა, ჯამში საჯარო და კერძო სკოლის 400-მდე მოსწავლემ.

მონაწილეთა 53% თბილისის სკოლებს, ხოლო 47% - რეგიონის სკოლებს წარმოადგენდნენ.

2023 წლის კონკურსის ფინალში გადავიდა 12 გუნდი (54 მოსწავლე), საიდანაც გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები.

 

2023 წლის კონკურსის გამარჯვებული გუნდებია:

პირველი ადგილი, გუნდი: TerraTech

აშშ საელჩოს პრიზი

ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი - NASA-ს საზაფხულო სკოლაში გამგზავრება - გუნდმა "TerraTech" მოიპოვა. მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება.

   

მეორე ადგილი, გუნდი: From Seeable To Feelable

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პრიზი

მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)" გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „iD Tech" ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მიერ შექმნილი პორტატული მოწყობილობა ნაბეჭდ ტექსტებს უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტით თარგმნის.

 

   

მესამე ადგილი, გუნდი: Optical Visionaries

ლიბერთი ბანკის პრიზი

მესამე ადგილი და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), შვეიცარიაში სასწავლო ვიზიტი მოიპოვა გუნდმა „Optical Visionaries". თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გამარჯვებულები შვეიცარიაში ლიბერთი ბანკის დაფინანსებით გაემგზავრებიან.

   
გუნდი „Halove" კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.