მოგესალმებით ათასწლეულის ფონდის ვებგვერდზე,
ათასწლეულის ფონდის მისიაა საქართველოში ადამიანური კაპიტალის, ინდუსტრიისა და კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობა.
ათასწლეულის ფონდი შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (MCC) შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ათასწლეულის ფონდი ხელს უწყობს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში მიღწეული წარმატებული შედეგების გავრცობასა და გაძლიერებას. 2014-2019 წლებში, კომპაქტის ფარგლებში, განხორციელდა 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით, აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო განათლებას ამ ეტაპისთვის 600-მდე სტუდენტი იღებს (კომპაქტის შედეგების შესახებ, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის არქივში - www.mcageorgia.ge).
საქართველოში განხორციელებული კომპაქტი მიჩნეულია ერთ-ერთ წარმატებულ ინვესტიციად აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ კომპაქტებს შორის.
ათასწლეულის ფონდი განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანაზაციებთან და კერძო სექტორთან ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდასაჭერად ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
ფონდი ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პრინციპების მიხედვით.
ათასწლეულის ფონდის უმაღლესი მმართველობის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, საქართველოს პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის (თავმჯდომარის მოადგილე) მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კომპაქტის შედეგების დეტალური ანგარიში იხილეთ შემდეგ ბმულზე: