ზურა სიმონია

მონიტორინგის და შეფასების დირექტორი

2013 წლის დეკემბრიდან ზურა მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მონიტორინგისა და შეფასების დირექტორის თანამდებობაზე. იგი პასუხისმგებელი იყო ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში, შედეგზე ორიენტირებული მონიტორინგის და შეფასების სისტემის დანერგვასა და მართვაზე. ამჟამად, ის იკავებს მონიტორინგისა და შეფასების დირექტორის პოზიციას ათასწლეულის ფონდში.

ფონდში მუშაობის დაწყებამდე, 2011 წლიდან, ზურა მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე საერთაშორისო ურთიერთობების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვის დარგში.

2009-2010 წლებში ზურა ხელმძღვანელობდა საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს, რომლის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა პოლიტიკური რისკების დაზღვევის მეშვეობით.

2008 წელს ზურა მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიუკის უნივერსიტეტში (Duke University), მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე სახელმწიფო ფინანსების და მაკროეკონომიკის საკითხებში, ხოლო 2007 წელს იგი მუშაობდა მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში, კონსულტანტად განათლების დაფინანსების პოლიტიკის საკითხებში.

2000-2006 წლებში ზურა მუშაობდა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით განხორციელებული განათლების სექტორის რეფორმის ფარგლებში განათლების ეკონომიკის ექსპერტის პოზიციაზე. 2005 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა და დამტკიცდა საჯარო სკოლების ერთ მოსწავლეზე გათვლილი დაფინანსების ახალი სისტემა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების ანაზღაურების სქემა.

1997 წელს ზურას მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხი. ასევე, 2008 წელს მას მიღებული აქვს დიუკის უნივერსიტეტის, სენფორდის სახელმწიფო პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ).