ათასწლეულის ფონდის ხელშეწყობით, ისრაელის და საქართველოს უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის ახალი თანამშრომლობა იწყება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (საქართველო), ბარ-ილანის უნივერსიტეტს (ისრაელი), ათასწლეულის ფონდს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს ICT (საინფორმაციო ტექნოლოგიების) ასოციაციას შორის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პირველად, ინდუსტრიული სადოქტორო პროგრამის შეთავაზებას სტუდენტებისთვის.
ახალი სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ერთობლივად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ბარ-ილანის უნივერსიტეტის მიერ, ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობით და ათასწლეულის ფონდის ხელშეწყობით.
ბარ-ილანის უნივერსიტეტი (Bar-Ilan University) ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა ისრაელში, რომელიც გამოირჩევა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ჰუმანიტარული დარგების შერწყმით. უნივერსიტეტს აქვს ძლიერი კვლევითი ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო აღიარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნეირომეცნიერება, კომპიუტერული მეცნიერება, ინჟინერია, ბიოტექნოლოგია და სოციალურ მეცნიერებები. ბარ-ილანის უნივერსიტეტი რეგულარულად იკავებს მოწინავე ადგილებს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის QS და Times Higher Education-ის მიხედვით, და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს მიენიჭება როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ასევე ბარ-ილანის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი. პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და სტუდენტისთვის უფასოა. პროგრამის მონაწილე სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ისრაელის წამყვანი მეცნიერების ხელმძღვანელობით და ინდუსტრიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც გულისხმობს თანამედროვე ბიზნესგარემოში არსებული პრაქტიკული და სტრატეგიული გამოწვევების ღრმად ანალიზს.
პროგრამაზე სტუდენტების პირველადი რეგისტრაცია მიმდინარეობს. მეტი დეტალისთვის, ეწვიეთ ბმულს: Industry-Education Partnership for Human Capital Growth