2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

22 დეკ 2023
news

ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი - NASA-ს საზაფხულო სკოლაში გამგზავრება - გუნდმა "TerraTech" მოიპოვა. მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება.

მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)" გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) „iD Tech" ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მიერ შექმნილი პორტატული მოწყობილობა ნაბეჭდ ტექსტებს უსინათლო ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტით თარგმნის.

მესამე ადგილი და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), შვეიცარიაში სასწავლო ვიზიტი მოიპოვა გუნდმა „Optical Visionaries". თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას. გამარჯვებულები შვეიცარიაში ლიბერთი ბანკის დაფინანსებით გაემგზავრებიან.

გუნდი „Halove" კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა და მისი წევრები სასწავლო ვიზიტით EPAM ლიეტუვას ესტუმრებიან.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2013 წლიდან ვახორციელებთ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას. მასში უკვე 3000 მოსწავლეს აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობა STEM დარგებს უკავშირებს თავის მომავალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ყველა მხარდამჭერს. მათი ხელშეწყობით, წელს კონკურსში გამარჯვებული ოთხი გუნდი აშშ-სა და ევროპის საუკეთესო STEM პროგრამებში მიიღებს მონაწილეობას." - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ათასწლეულის ფონდსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში STEM განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის და ფინალისტი გუნდების წარმომადგენლებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

„თანამედროვე ციფრულ და სწრაფად განვითარებად სამყაროში STEM განათლებას, მის განვითარებას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს და ყოველთვის ხელს შეუწყობს საქართველოში ამ დარგის განვითარებას. მიგვაჩნია, რომ სწორედ STEM განათლება ხდება დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც მომავალში დაეფუძნება გლობალური ეკონომიკა. ყოველთვის მივესალმებით ასეთი წამახალისებელი კონკურსების ჩატარებას და ბუნებრივია, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას, ინვესტიციას და დროს დავუთმობთ STEM განათლებას საქართველოში", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით წელს მეცხრედ ჩატარდა.

„აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულნი ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლების მოსწავლეები,"- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა.

წელს კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავს თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დარგებში წარმოადგინეს. კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, საქპატენტმა, ჯეოლაბმა, აკადემია „ლეტერატომ" და კომპანია allmarket.ge-მ ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები პრიზებით დააჯილდოვეს.