2023 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

11 იან 2024
news

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. 2023 წლის გამარჯვებულები არიან:

2023 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ზებურ ბოლქვაძე, კოლეჯ ,,ბლექსის“ მეფუტკრეობის პროგრამის სტუდენტი.

2023 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი კოლეჯ „ბლექსის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, ვლადა ხიმენკომ მოიპოვა.

კოლეჯი „მერმისი“, პროგრამით - სამკერვალო წარმოება, 2023 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა.

2023 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის სტატუსის მფლობელი წელს  კომპანია „ბკ ქონსთრაქშენი“ გახდა.

წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური პრიზები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და ისრაელის საელჩომ საქართველოში.

•   საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის სპეციალური პრიზით კოლეჯი „სპექტრი“ დააჯილდოვა.

•    ხათუნა აბულაძეს და კოლეჯ „ბლექსის“ კულინარიის პროგრამას უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი გადაეცა.  
•    ისრაელის საელჩომ კი კოლეჯ „ოპიზარის“ ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტი იშხან ვარდანიანი დააჯილდოვა.

გალა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო   ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები, ათასწლეულის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.