2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა
15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერია გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდი.
წელს გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
· წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
· წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
· წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
· წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
დაწესებულია შემდეგი სპეციალური ჯილდოები და პრიზები:
· საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
· პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო - დამსაქმებელთან/ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა
· საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი
· საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯილდო პროფესიული განათლების სტუდენტს
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი. განაცხადების შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ნინო ჯაფარიძეს (+995 591 21 82 82, tvet@millennium.org.ge).