2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

27 ივლ 2026
news

 

2026 წლის 16-17 ივლისს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალი გაიმართა. 28 ნახევარფინალისტმა გუნდმა კონკურსის ჟიურის წინაშე  წარმოადგინა  ინოვაციური პროექტები.

ჟიურიმ შეარჩია ათი ფინალისტი გუნდი. ფინალისტი გუნდები მიიღებენ დაფინანსებას წარმოდგენილი პროექტების პროტოტიპების შესაქმნელად. 2026 წლის შემოდგომაზე კი გაიმართება ფინალი. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები კონკურსის ჟიურის წარუდგენენ პროტოტიპებს, ჟიური შეაფასებს და შეარჩევს 2026 წლის გამარჯვებულებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEM) დარგებში და ამგვარად ხელი შეუწყოს STEM დარგებით ახალგაზრდების დაინტერესებას.

კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ლიბერთი ბანკი, ლინეიტი და კონკურსის სხვა პარტნიორები.

პროექტი ინიცირებულია 2014 წელს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, აშშ საელჩოს დაფინანსებით. კონკურსს ახორციელებს და აფინანსებს ათასწლეულის ფონდი.

ვულოცავთ 2026 წლის ფინალისტებს და წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ფინალურ ეტაპზე!

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდებია:

გუნდის სახელი (ანბანურად)

პროექტის დასახელება და მიზანი

AeroGuard - საჰაერო მცველები

SmartGuard Aviation 

 

პროექტის მიზანია უზრუნველყოს ფრენის პარამეტრების  (კრენი, ტანგაჟი, სიჩქარე და სხვა) მუდმივ კონტროლი და ანალიზი.

Catalysts - კატალისტები  

ნეირო ხელი  

პროექტის მიზანია ამპუტირებული მტევნის მქონე ადამიანებს გაუმარტივოს ყოველდღიურ ცხოვრებას 

DigitalRoots - ციფრული ფესვები    

DataHarvest

 

პროექტის მიზანია ინტელექტუალური, დახურული ციკლის (Closed Loop) ავტონომიური რობოტული ეკოსისტემის შემუშავება, რომელიც აღჭურვილია მობილური საავტომობილო პლატფორმითა და ხელოვნური ინტელექტით AI. 

HPR (Homegrown  propulsion rocket)  - ეკო რაკეტა    

ეკორაკეტა

 

პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხო, “მწვანე” სარაკეტო ძრავის შექმნა, პრაქტიკული გამოცდა და მისი გამოყენების შესაძლებლობის დასაბუთება, კოსმოსური ინდუსტრიის გარემოს დამაბინძურებელ პრაქტიკის ახალი სტანდარტით ჩანაცვლება. 

Hydra - ჰიდრა

BIOGRID 

 

პროექტის მიზანია ინოვაციური, ჭკვიანი ბიოგამწმენდი სისტემის შექმნა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების მეშვეობით უზრუნველყოფს წყლის სრულყოფილ ფილტრაციას.

Kinara  - კინარა

AccessKey ინკლუზიური ადაპტური კლავიატურა

 

პროექტი მიზანია  ინკლუზიურ მომხმარებელზე ორიენტირებული  ტექნოლოგიის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ხელს უწყობს ციფრულ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს და აუმჯობესებს მომხმარებელთა ყოველდღიურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაში ჩართულობას.

MENMO (Mental Motion) - მენმო

დიატომიტ-ფეროფლუიდური ნანოკომპოზიტისა და იდეომოტორული სიგნალების კალმარის ფილტრაციის საფუძველზე ეგზოჩონჩხის შექმნა ყოველდღიური მოხმარებისთვის

 

პროექტის მიზანია შეიქმნას მსუბუქი, უსაფრთხო და პორტატული დამხმარე მოწყობილობა (ეგზოჩონჩხი) ნებისმიერი კიდურისთვის, რომელსაც ინსულტისა და ზურგის ტვინის არასრული დაზიანების მქონე ადამიანები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

MineGuard - მაღაროს მცველი

MineGuard 

 

 პროექტის მიზანია რთული მიწისქვეშა ობიექტებიდან საჭირო  ინფორმაციის მუდმივად მიღება და რამდენიმე კომპლექსური შემთხვევის ერთდროულად მოგვარება.

Phonon - ფონონი

კონცენტრირებული ხმოვანი ტალღების გამოყენება  ჭრის ტექნოლოგიებში

 

პროექტის მიზანია დანერგოს ჩვენ მიერ უკვე შექმნილი, ფუნქციური და დაბალენერგოტევადი ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც კონცენტრირებული ბგერითი (ულტრაბგერითი) ტალღების მეშვეობით ახორციელებს მასალების სუფთა და ზუსტ დამუშავებას წყლის ქვეშ და ხმელეთზე. 

SynaptiX -  სინაპტიქსი      

SynaptiX — ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური EMG სამაჯური ნეირომუსკულური და ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირთა ასისტენციისთვის 

 

პროექტის მიზანია შექმნას მრავალფუნქციური და ტექნოლოგიურად მოწინავე ელექტრომიოგრაფიული (EMG) სამაჯური SynaptiX, რომელიც მიზნად ისახავს ნეირომუსკულური და ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირთა დახმარებას, მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მეტ დამოუკიდებლობას.

 

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: mia@millennium.org.ge, 591 21 82 82.