ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2025-ის შედეგების მიხედვით, საქართველომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.
PISA 2022-ის შედეგებთან შედარებით, საქართველოს საშუალო მაჩვენებელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 38 ქულით, მათემატიკაში - 26 ქულით, ხოლო წაკითხულის გააზრებაში - 10 ქულით გაიზარდა. ქვეყანამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში ბოლო ათწლეულის საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. ამასთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწეული ზრდა საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო.
საქართველოს პროგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ბევრ ქვეყანაში მოსწავლეთა აკადემიური შედეგები გაუარესდა. PISA 2025-ის კვლევაში 91 ქვეყნისა და ეკონომიკის 760 000-ზე მეტი 15 წლის მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოდან კვლევაში ჩაერთო 265 სკოლის 6 855 მოსწავლე.
მიღწეული შედეგები ასახავს განათლების სფეროში თანმიმდევრულად განხორციელებული ეროვნული რეფორმების, მასწავლებლებისა და სკოლების ხელმძღვანელთა საქმიანობის, ასევე საქართველოსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების გრძელვადიანი ინვესტიციების ერთობლივ ეფექტს. აღნიშნული პროგრესისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე კომპაქტმა, რომელიც 2014–2019 წლებში განხორციელდა და მთლიანად განათლების სფეროს და ადამიანური კაპიტალის განვითარებას მიეძღვნა.
კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული „ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის“ მეშვეობით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინგლისური ენისა და გეოგრაფიის დაახლოებით 18 000 მასწავლებელმა პროფესიული განვითარების პროგრამა გაიარა. პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, თანამშრომლობასა და განმავითარებელ შეფასებას ეფუძნებოდა. სკოლის ლიდერობისა და მართვის გასაძლიერებლად სპეციალურ ტრენინგებში ასევე მონაწილეობდა თითქმის ყველა, 2 000 საჯარო სკოლის, დირექტორი.
კომპაქტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 91 საჯარო სკოლას, რომლებშიც 37 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. თითოეული რეაბილიტირებული სკოლა აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკოლების გათბობის, განათების, ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და სანიტარიული სისტემები, ჰაერის ხარისხი და საკლასო ოთახების უსაფრთხოება.
MCC-ის დაკვეთით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ აღნიშნულმა ინვესტიციებმა სასკოლო გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. რეაბილიტაციიდან სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ბენეფიციარ სკოლებში მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ენის სწავლის შედეგებზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა გამოვლინდა, რაც, შეფასების მიხედვით, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის დამატებით დაახლოებით ნახევარი წლის სწავლას უტოლდება.
კომპაქტმა ასევე ხელი შეუწყო საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების უფრო ფართო კულტურის ჩამოყალიბებას. 2014 წელს დაფუძნებულმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა, რომელსაც ათასწლეულის ფონდი კვლავ აგრძელებს, საქართველოს მასშტაბით თითქმის 4 000 ახალგაზრდა გააერთიანა. მოსწავლეები კონკურსის ფარგლებში ინოვაციურ პროექტებს ქმნიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის, ტექნოლოგიების, რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.
„PISA 2025-ში საქართველოს შედეგები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული და გრძელვადიანი ინვესტიციები განათლების სექტორში. მსგავსი პროგრესი ყოველთვის არაერთი ურთიერთდაკავშირებული რეფორმისა და განათლების სფეროს წარმომადგენელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგია და მოხარული ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტმა ქვეყანაში STEM განათლების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა“, განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
ათასწლეულის ფონდი 2019 წელს შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული ადამიანური კაპიტალის განვითარების ინიციატივების მდგრადობასა და გაგრძელებას.