STEM მენტორების კურსის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

27 ივნ 2022
news

ათასწლეულის ფონდმა „STEM მენტორების კურსის" პროექტის ორი-დღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გამართა, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგები და პროექტის ფარგლებში შექმნილი STEM პროექტები. კონფერენციაზე დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მიერ მხარდაჭერილი STEM პროგრამებისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. კონფერენციიაზე მონაწილეები გაეცნენ საქპატენტის საქმიანობას ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით. კონფერენციის ბოლო დღეს, მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს STEM განათლების გამოწვევები საქართველოში.

„ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა სტემ მენტორების სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მასწავლებლებმა შეისწავლეს არდუიონოს და სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით თუ როგორ შეიძლება ინოვაციების სწავლება გაძლიერდეს სკოლაში. პროექტის შედეგად მივიღეთ რამოდენიმე სტემ კლუბი, რომელიც დაფუძნდა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში და 40-მდე გადამზადებული მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებს ასწავლოს ახალი ტექნოლოგიები და მათ გაუღვივოს დაინტერესება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგებისადმი და ინოვაციებისადმი", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ათასწლეულის ფონდმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი, „STEM მენტორების კურსი" 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიზანს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებლებისთვის თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენდა. პროექტში მონაწილეობისთვის 450 მსურველიდან 40 პედაგოგი შეირჩა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.

„მოხარული ვარ რომ დღეს აშშ-ს საელჩოს სახელით ვესწრები ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ STEM მენტორობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორების ფარგლებში, ასეთი საინტერესო შედეგი გვაქვს. პროექტი საერთო ჯამში განავითარებს როგორც STEM უნარებს მოსწავლეებში, ასევე უფრო გაზრდის მის მიმართ დაინტერესება ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ქეთრინ შვაიცერმა, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსმა.

ღონისძიებას დაესწრნენ პროექტის მონაწილე პედაგოგები, ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის საელჩოს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ექვს-თვიან ონლაინ სასწავლო კურსზე მსმენელებმა შეისწავლეს საგანმანათლებლო STEM პროექტების კონსტრუირება და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების და კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები, ღია კომპიუტერული პლატფორმა ARDUINO-ს გამოყენებით. ყველა მსმენელმა ასევე მიიღო STEM სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა - ARDUINO Kits, რაც მათ დაეხმარათ კურსის უკეთ ათვისებაში და კურსის დასრულების შემდეგ, აღნიშნული დანადგარის გამოყენებას აგრძელებენ მოსწავლეებთან საკლასო ოთახში.

პროექტის შედეგად, კურსში ჩართულმა პედაგოგებმა საკუთარ სკოლებში STEM კლუბები ჩამოაყალიბეს (გორის, ქუთაისის, ცაგერის, ოზურგეთის, ქარელის, ახალციხის, ბათუმის, თელავის, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, კასპის, თბილისის, ზესტაფონისა და ნინოწმინდის სკოლებში), რომლის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება.