ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ გუნდს „GoGeoGo“ საქპატენტში უმასპინძლეს

22 მარტ 2022
news

ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი „GoGeoGo", ათასწლეულის ინოვაციის 2020 წლის კონკურსში მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდია, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებელი მობილური აპლიკაციის შექმნისთვის. გამარჯვების აღსანიშნავად, საქპატენტის მენეჯმენტმა შეხვედრა გამართა გუნდის წევრებთან და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო გუნდის წევრებს მიეღოთ ვრცელი ინფორმაცია გამოგონებაზე, პატენტის მოპოვებასა და საქპატენტში საპატენტო განაცხადის პროცედურების გავლის თაობაზე, ასევე, საზეიმო ვითარებაში მიეღოთ საქპატენტის მიერ მათთვის დაწესებული პრიზები. უწყების სახელით, თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა „GoGeoGo"-ს წევრებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა საჩუქრად.

„ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობა საქპატენტის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ, საქპატენტი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში და უკვე მეორე წელია, რაც კონკურსის ჟიურის შემადგენლობაშია. უწყება, ასევე კონკურსში მონაწილე ყველა გუნდისთვის ატარებს ტრენინგებს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, რაც დამატებითი სტიმულია კონკურსანტებისთვის ახალი და საინტერესო პროექტების შესაქმნელად", - აღნიშნა შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა.

„ათასწლეულის ფონდი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ინოვაციური პროექტების შექმნის სურვილი გავაღვივოთ და რაც მთავარია, პროექტების შესრულების დროს მოსწავლეებს შევასწავლოთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საერთაშორისო სტანდარტები. კონკურსის მონაწილეები უშუალოდ საქპატენტის თანამშრომლებიდან იღებენ დეტალურ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების, გამოგონების, პატენტის, მათი გამოყენების, საპატენტო ძიებისა და პატენტის მიღების პროცედურის შესახებ", - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიური სფეროების მიმართ ინტერესის გაღვივებას და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებას.