სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მეოთხე ნაკადის გამოსაშვები ცერემონია

07 ივნ 2022
news

31 მაისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2022 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლა. წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, საიდანაც 45% ქალია. მიმდინარე გამოშვების 54%-მა სწავლა წარჩინებით დაასრულა

„დღეს, კურსდამთვრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი, ისეთ დარგებში როგორიცაა კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია და კომპიუტერული მეცნიერები. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგია. ჯამში 64 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტის შედეგად, 700-ზე მეტი ქართველი მიიღებს საშუალებას, რომ საქართველოში ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ამერიკული განათლება,“ -  განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით. წელს, ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოს ასევე ეწვია კალიფორნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემის სამეურვეო საბჭოს წევრი, ადამ დეი.

ღონისძიებას დაესწნენ 2022 წლების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, საქართველოს მთავრობის, საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) რექტორები და ადმინისტრაციული პერსონალი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფონდის დონორები.