ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

03 თებ 2022
news

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი არის კონკურსი 13-18 წლის სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლის მიზანია საქართველოში ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. 

კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. 

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება. პროექტის მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.  

კონკურსის შესარჩევი ეტაპების შედეგად, გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში.  პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას ღებულობს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო ფინალისტი გუნდები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.  

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 2022 წლიდან, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა ლიბერთი ბანკი.

კონკურსში დღეისათვის 2,000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2022 წლის კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულში.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 მარტი, 2022.  

 

ხშირად დასმული შეკითხვები იხილეთ აქ

 

ინფორმაცია წინა წლის კონკურსების შესახებ იხილეთ: